ბერლინიდან და ამსტერდამიდან აპრილის პირველ ნახევარში დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

ფრენები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები. 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება დაინიშნა: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.

რაც შეეხება უახლოეს ფრენებს, რომელთა ბილეთები უკვე გაყიდულია, 3 აპრილს განხორციელდება ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის რეისები. ამ რეისების ბილეთების უმრავლესობა ფრენების შეზღუდვამდე გაიყიდა.

„პანდემიის გავრცელების გამო საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, ვარშავიდან განხორციელდა ხუთი ორგანიზებული ფრენა, ხოლო ბერლინიდან – ორი ჩარტერული რეისი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაწილი, რომელსაც დიდი ხნით ადრე, გეგმიურ ფრენებზე აქვს შეძენილი ბილეთები, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახერხებს ბილეთების სრული რაოდენობის ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში გამოტანას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

პაატა იმნაძე: მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსუბუქი პაციენტები სახლში მკურნალობენ >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.