თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ გადადგან ერთობლივი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ბრძოლაში, ნათქვამია ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
კორონავირუსს თავისი კორექტივები შეაქვს: ჟენევის მოლაპარაკებები გადაიდო>>
„მაღალ შეფასებას ვაძლევთ სამედიცინო პერსონალისა და სხვა ადამიანების COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ამავე დროს მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, მოუსმინონ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერიშის მოწოდებას, დროებით გადადონ უნდობლობა და მტრობა, ასევე მოერიდონ ანტაგონისტურ რიტორიკას და იმუშაონ ერთად, რათა დაეხმარონ უფრო დაუცველ ჯგუფებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილეს მოუწოდებენ, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა დაეხმარონ იზოლირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ.
„ადამიანებს დახმარება სჭირდება, ისინი მეტად აღარ უნდა დაზარალდნენ. ჩვენ გაგვამხნევა თანამშრომლობის ზოგიერთმა მაგალითმა, რომლებიც უკვე სახეზეა, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ და რა ენაზე ლაპარაკობენ, ჰქონდეთ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს სთხოვენ, გადადონ უთანხმოებები და გლობალური საფრთხის დაძლევის მიზნით ადამიანებისთვის ტესტები და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადონ.
ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. ქვეყნებს შორის 2008 წლიდან არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 31 მარტს – 1 აპრილს უნდა გამართულიყო.
ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა>>
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წელს შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მოლპარაკებების ბოლო რაუნდი 2019 წლის ნოემბერში გაიმართა.