„პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა...“ – ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა

ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, მან კლინიკა დღეს დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამირან გამყრელიძის ვაჟს კორონავირუსი 26 დღის წინ დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაცია თავად გამოჯანმრთელებულმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ დაწერა, რომ კლინიკა მან დღეს დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

„პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და, შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე და ექიმებსა და მთელ სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის, საზოგადოებას კი მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ამ ვირუსის დამარცხება.

„ჩემი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან, ეს ჩემთვის ემოციური სტრესია“– გამყრელიძე

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.