ქართველი მძღოლი კორონავირუსის დიაგნოზით სომხეთის კლინიკაში გადაიყვანეს

ქართველი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად ფასდება. ამ მომენტისთვის მისი საქართველოში გადმოყვანის საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. სომხეთის სამედიცინო დაწესებულებაში ქართველი მძღოლი კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ სომხეთის პრემიერის პრეს-მდივანზე მანე გევორქიანზე დაყრდნობით. 

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებას სთხოვენ

ბათუმელ მამაკაცს, რომელიც სატვირთო ავტომობილით ფოთიდან სომხეთში მიემართებოდა, საზღვარზე შემოწმების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დროისთვის იგი სომხეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს.

„მძღოლს ინფექციის დიაგნოზი საზღვარზე დაუსვეს. მოხდა ავტომობილის იზოლირება, ის კი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს“, – განაცხადა გევორქიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად ფასდება. ამ მომენტისთვის მისი საქართველოში გადმოყვანის საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ზიზი გაგუას ინფორმაციით, ბათუმელი მძღოლი ფოთში ერთ-ერთ ადგილობრივ ვულკანიზაციაში გაჩერდა. პირები, რომლებთანაც მას ჰქონდა კონტაქტი, დადგენილია და კარანტინში არიან მოთავსებული.

1 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 571-ია, საქართველოში – 115.

ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აკრძალულია მგზავრების გადაყვანა, თუმცა აღნიშნული აკრძალვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.