რამდენად აუცილებელი იყო სავალუტო ჯიხურების მუშაობის აკრძალვა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით დღეიდან ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში იქნება შესაძლებელი.
Sputnik

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში უამრავ შეზღუდვა-აკრძალვას სავალუტო ჯიხურების მუშაობის დროებით შეჩერებაც დაემატა. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სავალუტო ჯიხურები დროებით დაიხურა და ხალხი ვალუტის გადაცვლას მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეძლებს.

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
„ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამ სიტუაციაში როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და POS-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და POS-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

საქართველოში პროდუქტებს პანიკურად აღარ ყიდულობენ
„ამ შეზღუდვის პირობებშიც მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სავალუტო ჯიხურების დაკეტვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ჯიხურების მუშაობის აკრძალვა ნაკლებად შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტის მომტანი.

ლარის კურსი 31 მარტს

„დაუშვებელია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა. მათი როლი ვირუსის გავრცელებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სასურსათო მაღაზიის ან აფთიაქის. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ექსკლუზიურად აღმოჩნდება მხოლოდ ბანკების ხელში, სადაც კურსი ისედაც მაღალი იყო ყოველთვის და ნაკლებკონკურენტულ პირობებში კიდევ უფრო გაუძვირებენ კლიენტებს მომსახურებას. ეს ასევე გამოიწვევს ბანკებში ადამიანების მიმართვიანობის ზრდას, რაც დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეში მომუშავე სავალუტო პუნქტების უმეტესობაში“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ასე რომ, ამ შეზღუდვის შემოღებით ხალხი კიდევ უფრო მეტად ზარალდება, რადგან ბანკების კურსთან შედარებით სავალუტო ჯიხურებში გაცილებით ხელსაყრელი იყო ვალუტის გადაცვლა. მაგალითად, როდესაც დღეს დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი ოფიციალური კურსია 3.28, „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.34 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი 3.24 ლარია. ანუ, ყიდვასა და გაყიდვას შორის 10-თეთრიანი სხვაობაა. „თიბისი ბანკი“ 1 დოლარს 3.25 ლარად ყიდულობს და 3.33 ლარად ჰყიდის. როგორც ვხედავთ, კურსებს შორის სხვაობა 8 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კი, როდესაც სავალუტო ბაზარზე მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა, ყიდვა-გაყიდვას შორის სხვაობა საშუალოდ 2-3 თეთრია ხოლმე.

 

თემურ იოსელიანი