თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პრინცმა უილიამმა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში დაბრუნება ისურვა სანიტარული ავიაციის პილოტად, იტყობინება გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, კემბრიჯის 37 წლის ჰერცოგი მარტში ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ქოლ-ცენტრს ეწვია, სადაც აღიარა კიდეც, რომ სურს კვლავ სანიტარული ავიაციის პილოტი გახდეს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყარომ გამოცემა The Sun-ს აცნობა:
„უილიამი სერიოზულად განიხილავს სანიტარული ავიაციის პილოტად დაბრუნების იდეას პანდემიურ ვითარებაში დახმარების გასაწევად. მან იცის, რომ მთელი ქვეყანა სასიკვდილო ინფექციას ებრძვის და დახმარება სურს. მაგრამ ეს ადვილი არ არის, ვინაიდან მან წარსულში ეს სამსახური იმისთვის დატოვა, რომ სამეფო ოჯახის აქტიური უფროსი წევრი გამხდარიყო“.
პრინცი უილიამი აღმოსავლეთ ინგლისის სანიტარულ ავიაციაში 18 თვის განმავლობაში მსახურობდა — 2015 წლიდან 2017 წლამდე. 2020 წლის მარტში კემბრიჯის ჰერცოგი London Air Ambulance Charity-ს ორგანიზაციის მეურვე გახდა, რომელიც სანიტარული ავიაციის სამსახურებს მართავს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეტში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 22 465 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 1 412 და განიკურნა 179 ადამიანი.