თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავდაცვის ძალებს საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო ნიღბების პირველი პარტია გადასცა, იუწყება პირველი არხი.
დეფიციტური პირბადეების შეკერვა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სტანდარტებით დაიწყო.
პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება, პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, მრავალჯერ შეიძლება.
ქართული პირბადეები უკვე დაურიგეს 70 წელს ზემოთ ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო სამსახურის წარმომადგენლებსა და სხვა მომსახურე პერსონალს, რომლებსაც მოსახლეობასთან ყოველდღიურად უწევთ შეხება.
ნიღბები მიიღო იმ სასტუმროების პერსონალმაც, რომლებშიც კარანტინის ზონებია შექმნილი.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ნიღბების გადაცემა მომავალშიც გაგრძელდება.
პირბადეებს საქართველოში ამ დროისთვის ათი საწარმო კერავს.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 97-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 264.
სამეგრელოში ტემპერატურული სკრინინგი მიმდინარეობს>>
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კერძოდ, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.