მსოფლიო დღეს

ერთი ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარს ჩამოსცდა

ტრეიდერები შიშობენ, რომ კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკასა და „შავ ოქროზე“ მოთხოვნას.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პირველად 2002 წლის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 23 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. 

ფასები, ნავთობი, კორონავირუსი: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას გეგმავს

დღევანდელი ვაჭრობის მონაცემებით, დაახლოებით 12 საათისთვის (თბილისის დროით) მაისის ფიუჩერსების ფასი ჩრდილოეთის ზღვის შენაერთზე 8,54%-ით დაეცა და 22,79 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე. ხოლო ივნისის ფიუჩერსების ფასი 5,94%-ით შემცირდა და 26,29 დოლარს მიაღწია.

WTI-ზე მაისის ფიუჩერსების ფასმა 5,76%-თ დაიკლო და  ბარელზე 20,27 დოლარი შეადგინა. ცოტა ხნით ადრე კი მისი ფასი, პირველად 2002 წლის შემდეგ, 20 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა.

ტრეიდერები შიშობენ, რომ კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკასა და „შავ ოქროზე“ მოთხოვნას.

„ცენტრალური ბანკები ასუსტებენ მონატერულ პოლიტიკას, ხოლო მთავრობები ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტებს ამუშავებენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია და არა რადიკალური გადაწყვეტილებები. სანამ პანდემიის შეწყვეტის ნიშნებს არ დავინახავთ, ნავთობის ფასები ზეწოლის ქვეშ იქნება“, — განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ Rakuten Securities-ის ანალიტიკოსმა სატურო იოსიდიმ.

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმების წევრი რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – ბათილდება OPEC+-ის ქვეყნების ყველა ვალდებულება საწვავის მოპოვების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

1 აპრილიდან OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ ექნებათ.