მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი თვითიზოლაციაში ვარჯიშს განაგრძობს

ქართველმა ძალოსანმა მძიმე წონით კატეგორიაში გააფორმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, მაგრამ ოფიციალურად ის ჯერ არ მიუღია
Sputnik

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი (2016) და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობს.

ქართველმა მძიმეწონიანმა ძალოსანმა თავის Instagram გვერდზე ვარჯიშის ვიდეო ატვირთა.

ტალახაძემ ფაქტობრივად გააფორმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, მაგრამ ოფიციალურად ის ჯერ არ მიუღია. ასეთივე ლიცენზია გააფორმა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ.

ოლიმპიადა გადაიდო – იაპონია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საბოლოოდ შეთანხმდნენ

ამჟამად საქართველოს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შვიდი ოფიციალური ლიცენზია აქვს - ნინო სალუქვაძის (პისტოლეტიდან სროლა), გენო პეტრიაშვილისა და ელისბარ ოდიკაძის (თავისუფალი ჭიდაობა), იაკობ ქაჯაიასი და გიორგი მელიასი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძის (ფარიკაობა) და სახილ ალახვერდოვის (კრივი).

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე იყო დანიშნული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის ერთი წლით გადავადება გადაწყვიტა. ტოკიოს ოლიმპიადის ზუსტი თარიღი ცნობილი ჯერ არ არის.