თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მწვანე ლაქა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა ცაზე, სწრაფად იზრდება და ამ მომენტისთვის ათასჯერ უფრო დიდია და კაშკაშა, ვიდრე გამოჩენის მომენტისთვის იყო.
კონსპიროლოგებმა ეს მანათობელი ლაქა COVID-19-ის პანდემიას დაუკავშირეს, რომლის შესახებაც ასევე 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ისინი კორონავირუსის ეპიდემიასთან ხილულ ანალოგიაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ ეს ორი მოვლენა ერთდროულად გაჩნდა და ერთნაირად ვითარდება, ანუ იზრდება.
მაგრამ მისტიკისგან ძალიან შორს მყოფი ასტრონომები განმარტავენ, რომ მწვანედ მანათობელი სხეული ცაზე — ეს არის კომეტა ATLAS (C2019 Y4), რომელიც ახლა მზის სისტემაში იმყოფება და ამ მომენტისთვის მარსის ორბიტას კვეთს.
მათი თქმით, კომეტის დანახვა ჯერ მხოლოდ ტელესკოპითაა შესაძლებელი, მაგრამ აპრილის პირველ რიცხვებში მას უკვე შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ.
მაისის ბოლოსთვის კი ATLAS-ი მერკურის ორბიტის შიგნით აღმოჩნდება და კიდევ უფრო კაშკაშა გახდება. წინასწარი პროგნოზებით, კომეტა იმ მომენტში სავსე მთვარის ხილულ დიამეტრზე ოთხჯერ დიდი გამოჩნდება და თუ ის მზის ტემპერატურის გავლენით არ დაიშალა, ძალზე შთამბეჭდავი სანახავი იქნება.
მიუხედავად მეცნიერული განმარტებისა, კონსპიროლოგები მაინც საწყის აზრზე რჩებიან და ირწმუნებიან, რომ ATLAS-სა და COVID-19-ს შორის ნამდვილად არსებობს კავშირი. და თუ მათი მოსაზრება სიმართლის მარცვალს შეიცავს, მაშინ კორონავირუსის პანდემიის პიკი მსოფლიოში მაისში დადგება (ვინაიდან სწორედ ამ დროს შეიძენს კომეტა ყველაზე ძლიერ ნათებას), შემდეგ კი თანდათან კლებაში წავა. ხოლო თუ მზის ტემპერატურამ კომეტა გაანადგურა, მაშინ, მისტიკოსების აზრით, კიდევ უკეთეს შედეგს მივიღებთ — პანდემია უფრო ადრე დასრულდება.