აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით 50 წლის ქალი გადმოიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი რუსეთიდან ჩამოვიდა, ხოლო ზუგდიდში მისი გადმოყვანა აფხაზური მხარის მოთხოვნით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

სამეგრელოში ტემპერატურული სკრინინგი მიმდინარეობს

სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით – ხველებით და ტემპერატურით გუშინ, ღამით გადმოიყვანეს. იგი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მიიჩნევენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.

„ქალბატონი პირდაპირ მივიდა საბერიოს ამბულატორიაში და ამბულატორიის ექიმმა დაიწყო ინიცირება ამ ქალბატონის გადმოყვანაზე. მისი გადმოცემით, ის ოჯახშიც არ ყოფილა მისული, პირდაპირ გადმოიყვანეს. მას აქვს ამბულატორიული სიმპტომატიკა, რომელიც არის ვირუსისთვის დამახასიათებელი. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ ბიოლოგიური მასალა და გადავაგზავნით ლუგარის ცენტში“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთიდან ჩამოვიდა, ხოლო ზუგდიდში მისი გადმოყვანა აფხაზური მხარის მოთხოვნით მოხდა. პაციენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ. გამშვებ პუნქტზე დახვდნენ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან შედარებით. ამ დროისთვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს ხუთი საკარანტინო ზონა – სამი ანაკლიაში და ორი მესტიაში.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 97-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4876, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პაციენტია.