მშვიდობის ხიდს დეზინფექცია ჩაუტარდა

თბილისში მდებარე მშვიდობის ხიდზე დეზინფექცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება, სადეზინფექციო ხსნარები აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მშვიდობის ხიდზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, იუწყება მერიის პრეს-სამსახური. 

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდა.

გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით სისტემატურად მუშავდება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროს სადგურის ამოსასვლელებია.

„დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4976 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.