კონტროლი მკაცრდება – კახეთის შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, საგანგებო მდგომარობიდან გამომდინარე, პრევენციული ზომების გამკაცრება საჭიროა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კონტროლის გაძლიერების მიზნით კახეთის შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ორი ლოკაცია შეირჩევა, სადაც თერმოსკრინინიგით მგზავრების შემოწმება მოხდება.

როგორც ხიზანიშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და თვითიზოლაციაში მყოფ არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება, საგანგებო მდგომარობიდან გამომდინარე, პრევენციული ზომების გამკაცრება საჭიროა.

„რეგიონში საეჭვო პაციენტი არ გვყავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკ-პოსტების განთავსებას ვფიქრობთ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება, თუმცა ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 227 მოქალაქე, ხოლო, სამ მუნიციპალიტეტში განთავსებულ 9 საკარინტო სივრცეში 603 მოქალაქეა მოთავსებული.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4976 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.