ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. ამასთან, დაწესდება კომენდანტის საათი, რომელიც ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
Sputnik

თბილისი,  30 მარტი — Sputnik. საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. ამასთან, დაწესდება კომენდანტის საათი, რომელიც ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

„საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის მიზნით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საკონტროლო პუნქტები გაიხსნება. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.