მარნეულის მერი: გთხოვთ, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები... დარჩით სახლში!

კამპანიის „დარჩი სახლში" ფარგლებში მარნეულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები ურიგდებათ.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები, დარჩით სახლებში,  მიმართა მარნეულის მერიასთან შეკრებილ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა. 

არმია კორონავირუსის წინააღმდეგ: როგორ უზრუნველყოფენ წესრიგს მარნეულში სამხედროები

დღეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება მოითხოვეს.

„ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის, სიები შედგენილია, მოვალთ ყველა ოჯახში, თქვენ კი სახლში დარჩით. მე გთხოვთ როგორც ითხოვდნენ სამი კვირის წინ იტალიის მერები... დარჩით სახლებში. არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში“, – განაცხადა მერმა.

კამპანიის „დარჩი სახლში" ფარგლებში მარნეულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები ურიგდებათ.

საქართველოს მთავრობამ  23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 

ეპიდემიოლოგებმა მარნეულელი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყაროს მიაგნეს

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, კონტროლდება შიდა გზებიც. შსს-ს თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში იცავენ წესრიგს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4976 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.