თბილისი, 29 მარტი — Sputnik. უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქში კორონავირუსით 19 ადამიანი ინფიცირებულ ქალთან ეკლესიაში კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა, იუწყება РИА Новости საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსეი გეტმანენკოზე დაყრდნობით.
ადრე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი იმიერკარპატების ოლქში ერთი ინფიცირებულის შესახებ იუწყებოდა. უკრაინაში COVID-19-ით სულ 418 ადამიანია ინფიცირებული, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი გამოჯანმრთელდა.
„იმიერკარპატების ოლქის ქალაქ უჟგოროდის ლაბორატორიამ მიიღო ანალიზების წინასწარი შედეგები, რომლებიც PCR-მეთოდით არის ჩატარებული. ეკლესიაში ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 51 დადგენილი კონტაქტიდან 19-ს დადებითი შედეგები გამოუვლინდათ. ეს კი მოწმობს იმას, რომ კარანტინის პირობების დარღვევას ადამიანების მასობრივი ინფიცირების გამოწვევა შეუძლია“, - დაწერა გეტმანენკომ თავის Facebook-გვერდზე.
ამ მომენტისათვის ყველა დაავადებული პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში იმყოფება.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ქალაქ უჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი არის ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელსაც 11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის სახელწოდება მიანიჭა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 683 563 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 32 144 ადამიანი გარდაიცვალა.