თბილისი, 29 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
„როგორც იცით, ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15 ადამიანს დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში კი 18. გაგიხარდებათ, 17 გამოჯანმრთელებულიდან ორი ბავშვია. 5 ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, მათგან ერთმა კლინიკა დატოვა და სულ გამოგვივა, რომ 5 ბავშვიდან ორი გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება “, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.