ზურა ხაჩიძე: მაშინ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე მიგვეტოვებინა ბირჟა და ცუდი საქციელი
© Sputnik
„ძალიან დიდ დროს ვუთმობდით ქუჩას და იქ დგომას. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ მუსიკალური ჯგუფი დაგვეარსებინა. ორი ღამე გავათენე იმაზე ფიქრით თუ რა დაგვერქმია ჯგუფისთვის. ჯერ ვიფიქრეთ „ცუდი ბიჭები“, მერე „კარგი ბიჭები“, ბოლოს მე ვთქვი „ქუჩის ბიჭები“. ვთქვი, რომ ქუჩის ბიჭები -ამ სახელში კრიმინალური არაფერია. ძალიან საინტერესო სახელია და მასში არის რაღაც დამაინტრიგებელი. როცა აფიშაზე დაწერენ „ქუჩის ბიჭები“ საინტერესო იქნებოდა, თან იმ დროს ეს უკვე რაღაც ახალი იყო. მერე ბიჭებსაც ძალიან მოეწონათ. ასე დავარქვით ჩვენს ჯგუფს ეს სახელი.“- ამბობს ზურა ხაჩიძე სატელევიზიო გადაცემაში.
„ბორჯომის ბავშვთა ფედერაციაში ქეთი ნოზაძემ დაგვიძახა და გვითხრა: მოდი, მე მოგხედავთ და გიპატრონებთო. სარეპეტიციო დარბაზის მოგვცა და დავიწყეთ სიმღერა, მე თან საღამოებიც მიმყავდა ხოლმე. 1994 წელს პირველი კონცერტი ჩავატარეთ ბორჯომის კულტურის სახლში, ბევრი მაყურებელი მოვიდა. ყველას აინტერესებდა „ქუჩის ბიჭები“ რას იზამდნენ. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა.“