ვეჯინში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

მამაკაცმა თავისი სამი თვის შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ის საავადმყოფოში იმყოფება
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი საზარელი მკვლელობის დროს მეუღლის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი ქალი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, იუწყება პირველი არხი.

ექიმების თქმით, მრავლობითი ჭრილობებით შეყვანილ ქალს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჩატარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. ჰქონდა შემავალი, მრავლობითი ჭრილობები. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს ექიმმა, რამაზ თევზაძემ.
გურჯაანში სამი თვის ჩვილი მოკლეს - დაკავებულია ბავშვის მამა

ამავე საავადმყოფოში იმყოფება ქალის მეუღლე, მამაკაცი, რომელმაც სამი თვის შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

გურჯაანის საავადმყოფოს პოლიცია პატრულირებს.

საზარელი მკვლელობა ვეჯინში დღეს მოხდა.

გამოძიების მონაცემებით, 24 წლის მამაკაცმა თავისი სამი თვის შვილი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ცოლის მკვლელობა სცადა.

ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე ცხელ კვალზე დააკავეს.  მამაკაცი თავის დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რა გახდა შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.