კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 85-ს მიაღწია. დაავადებისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 85-ს მიაღწია. დაავადებისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ეზუგბაიას განცხადებით,  ეს შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა პაციენტს სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მასთან დაკავშირებით მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებ. მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან.  წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო ბინაზე იმყოფებოდა და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი, ამიტომ ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის >>

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არასრულწლოვნებს, ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და,  სავარაუდოდ, მალე გაეწერებიან.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.