გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით

გახარიას თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა >>

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა. მისი თქმით, ამ გამოწვევის ფონზე დამატებითი ინვესტიციების თითოეული ლარი ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს საქართველოს  მოქალაქეებისთვის.

„დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტი გვაქვს“

მისივე თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 ადამიანია.