„არავის რჩევა არ გვჭირდება“: გიორგი გახარიამ კრიტიკას უპასუხა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში რეალური დახმარებაა საჭირო, და არა რჩევები შორიდან
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. შეწყვიტეთ სპეკულაციები და დაგვეხმარეთ, თუ გაქვთ ამის სურვილი, ამ სიტყვებით მიმართეს ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტი გვაქვს“ >>

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბოლო დღეებში აქტიურად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რადგან, მათი თქმით, საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტები ცოტაა და ხელისუფლება მოქალაქეთა საყოველთაო ტესტირებას არ ატარებს. გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე ჩაიტარა პირდაპირი ტესტი და მისი სარგებლობა წარმოაჩინა.

„გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილიც უკვე წარდგენილი იქნა და შემდგომ ნაწილსაც წარვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს. იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს – ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ახლა მთავრობა შედეგზე მუშაობს და მთლიანად ემორჩილება ეპიდემიოლოგებს.

„ეპიდემიაზე  როდესაც არის საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზე არის საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ მოქალაქეებთან“, - განაცხადა გაზარიამ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დაჯარიმდა

ამასთან მან ყველა მრჩეველს ურჩია, რეალური საქმე აკეთონ.

„არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი მე, არ გვჭირდება. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარონ და არა ასე ტელევიზორიდან“, – განაცხადა გახარიამ.

მკვეთრი რეაქცია ჰქონდა კრიტიკაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეს, პაატა იმნაძესაც.

„თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, თვითონაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი - ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჩემი ძმაკაცი იყო, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება... ყველანი ეპიდემიოლოგები გახდნენ“, - განაცხადა იმნაძემ.

ამასთან იმნაძემ მოუწოდა ოპოზიციას დაეხმაროს სხვა ქვეყნებს, სანამ მისი ცენტრი მუშაობს.

„მარტო კი არ ვმუშაობ, ხათუნა ზახაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგია. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილებს ხომ არ დავიწყებ? ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როდესაც ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ ბაზარზე ტესტები უკვე არის და ოპოზიციას შეუძლია გაიკეთოს ტესტები, მაგრამ ნუ ჩაერევა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობის პროცესში, რადგან სპეციალისტებს ახლა ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მათ შორის კონტაქტების მოძიება და მათი კვლევა.

კორონავირუსი საქართველოში

თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაავადების გამოვლენით არის დაკავებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც ყველა სინჯს ორჯერ ამოწმებს, რათა შეცდომა გამოირიცხოს.

ამის გარდა, საქართველომ ჩინეთიდან მიიღო ე.წ. სწრაფი ტესტები, რომლებიც შედეგს საათნახევარში აჩვენებს. ამ ტესტების შედეგებიც შემდგომში ლაბორატორიაში მოწმდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძიებს ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს, აკვირდება მათ და ვირუსის გავრცელების პროგნოზებს ადგენს.

მისი რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონად გამოაცხადა.

ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულია ყველა შეზღუდვა და მათი ამოქმედების ვადები.