თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

28  მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, იდენტიფიცირებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

„დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტი გვაქვს“

12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული.

„ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დოისათვის 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231ადამიანია.