ქართველ სამხედროებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯარში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ხუთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან იყვნენ ჰოსპიტალიზებული, კორონავირუსი არ დაუდგინდა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

კლინიკაში გადაყვანილი ხუთი ჯარისკაციდან ერთ-ერთს პნევმონია აქვს>>

მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი კორონავირუსზე იყო, რადგან მათ კორონავირუსის ან სეზონური გრიპის ნიშნები ჰქონდათ. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას უწევენ.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, რომ არ გაავრცელონ დაუდასტურებელი ინფორმაცია და სამედიცინო–პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა, დაელოდონ შედეგებსა და სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარი ყოველთვის იქნება იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდება

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ნაადრევი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის კორონავირუსის გამო არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას საზოგადოებაში, ასევე ცალკეული უწყებების ეფექტურ მუშაობას.

თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სპეციალური ჯგუფები ჯარში აქტიურად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ.

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს 2–3 კვირაში გაიზრდება.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.