საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს აფრთხილებს

ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საგარეო უწყება: სამშობლოში ეტაპობრივად საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდება

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებსა და კითხვარის შევსებას სთხოვენ.

საგარეო უწყების განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით, უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით.

„შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და  მგზავრობის მარშრუტი დაგეგმონ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი არასასურველი გართულებები.

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეები – დეტალური ინფორმაცია

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოები უცხოეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ატყობინებს მოქალაქეებს ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც მათ სამშობლოში დასაბრუნებლად კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები შესრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში თავსდება.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4505, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტია.