დიმიტრი ხუნდაძე: „საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ“

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შემოღების საკითხზე  უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში ჯერ არ უმსჯელიათ.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ზომების მიღებაზე უკვე მსჯელობს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა>>

მან არ გამორიცხა, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულამდე მიიღონ.

„თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნება და ეპიდვითარება გართულდება, დღის წესრიგში დადგება საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თუმცა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უწყებათშორის საბჭოზე ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შემოღების საჭიროებაზე ჯერ არ უმსჯელიათ. 

გამყრელიძე: მერე მე დაგპატიჟებთ ყველას, ვიმხიარულოთ

„საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა... ამაზე არავითარი მსჯელობა უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში დღემდე არ შემდგარა, რადგანაც ჩვენ გვაქვს იმის ღრმა რწმენა, რომ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ვრცელდება, მკაცრად დავიცავთ და არ იქნება ამ ზომის გამოცხადება საჭირო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია, მათგან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.