ჩეხეთსა და სლოვაკეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყება ეხმარება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ჩარჩნენ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდებიან.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. სლოვაკეთსა და ჩეხეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლითა და კვების პროდუქტებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეები – დეტალური ინფორმაცია>>

საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო ჩარჩნენ. ადამიანებმა დახმარებისთვის დიპლომატიურ მისიებს მიმართეს.

„სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საქართველოს 24 მოქალაქის, რომელთაც გაუუქმდათ 22 მარტს ვენა-თბილისის რეისზე მგზავრობის ბილეთები, დროებითი დაბინავება და მათი მომარაგება საჭირო საკვებითა და აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საელჩო ასევე დაეხმარა საქართველოს მოქალაქეებს სლოვაკეთიდან ვენის აეროპორტში გადასვლაში.

ქართული დიპმისიები ჩვენს თანამემამულეებს ევროპაში საცხოვრებლებით და საკვებით ეხმარებიან

ასევე დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთში. ისინი ასევე აუცილებელი მედიკამენტებით მოამარაგეს. ყველა ხარჯი ქართულმა დიპლომატიურმა მისიებმა დაფარეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საელჩოები და საკონსულოები უცხოეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

საგარეო უწყება მოქალაქეებს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით მთლიანად 21 მარტს აკრძალა. საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულად ხორციელდება მხოლოდ ავიაკომპანია „აირზენას“ ავიარეისები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში ჩამოსული მოქალაქეები ორკვირიან კარანტინში გადაჰყავთ.