მსოფლიო დღეს

სტრესს ვერ გაუძლო: COVID-19-ით ინფიცირებულმა ახალგაზრდა მედდამ თავი მოიკლა

მედდების ეროვნულმა ფედერაციამ ქალის გარდაცვალება დაადასტურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ძლიერ სტრესს განიცდიდა, რადგან საკუთარ თავს ვირუსის გაავრცელებაში ადანაშაულებდა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. იტალიის ქალაქ მონცში ახალგაზრდა მედდამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, იუწყება იტალიური მასმედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მედდა დანიელა ტრეზი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა, მაგრამ 10 მარტიდან თავად იმყოფებოდა კარანტინში, რადგან მას კორონავირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა. მას შემდეგ, რაც ტესტმა დაავადებაზე დადებითი პასუხი აჩვენა, ქალმა თავი მოიკლა. როგორც გაირკვა, დანიელა ძალიან განიცდიდა, რომ შეიძლებოდა მანამდე დაავადება სხვებისთვისაც გადაედო.  

იტალიის მედდების ეროვნულმა ფედერაციამ დანიელა ტრეზის გარდაცვალება დაადასტურა და მომხდარის შესახებ შეშფოთება გამოთქვა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრეზიმ ძლიერი სტრესი განიცადა, რადგან საკუთარ თავს ვირუსის გაავრცელებაში ადანაშაულებდა.

„ჩემი ქალიშვილი რეანიმაციაში მუშაობს... ეს შემაძრწუნებელია“ – რას ამბობს ამერიკელი ექიმი>>

მანამდე გავრცელდა იტალიის ქალაქ კრემონას საავადმყოფოს ექიმის ნაამბობი, რომ ღამით კოშმარები ესიზმრება. ექიმი ირწმუნება, რომ მის საავადმყოფოში ჯერჯერობით არავინ გამოჯანმრთელებულა, რაც ძალიან აშინებს მედპერსონალს და დემოტივირებულს ხდის მათ კორონავირუსთან ბრძოლაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულია 532 788 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 24 077 და განიკურნა 122 672 პაციენტი.