რუსეთში ქართული დიასპორა საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას რუსეთში ვადაგასული დოკუმენტების მფლობელი ქართველების დახმარება სთხოვეს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი გიორგი წურწუმია საქართველოს მთავრობას სთხოვს ჩარტერული რეისების ორგანიზებას სამშობლოში იმ თანამემამულეთა დასაბრუნებლად, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. აღნიშნული თხოვნით მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. 

ჩეხეთსა და სლოვაკეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყება ეხმარება

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული ნაბიჯების წყალობით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გაგრძელება. წერილში წურწუმია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, რომელთა რუსეთში ყოფნის ვადები ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებამდე დაირღვა, ახლა სპეციალიზებულ ცენტრებსა და იზოლატორებში იმყოფება.

„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებისა და ავიამიმოსვლის არარსებობის მიუხედავად, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას ჩარტერული რეისის ორგანიზება სამშობლოში საქართველოს იმ მოქალაქეთა დასაბრუნებლად, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდნენ?“ – ნათქვამია წერილში.

ქვეყნებს შორის 2008 წლიდან არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსეთთან საზღვარი 16 მარტს დაკეტა. 18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, ქვეყნის მთავრობა ჩარტერული რეისებით ეტაპობრივად აბრუნებს სამშობლოში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს.