ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს

დღეს „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ფონდმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამედიცინო პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ხელთათმანები ზუგდიდის ბულვარში დაარიგეს.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შესაბამისი ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

ახლა პიარის დრო არ არის – იმნაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში გამართულ აქციაზე

ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ფონდმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამედიცინო პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ხელთათმანები ზუგდიდის ბულვარში დაარიგეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.