„წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის საზღვარზე მუშაობის საათებს ამცირებს

აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტის გადაკვეთას მხოლოდ 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეძლებენ
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ მუშაობის საათებს ამცირებს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ამიერიდან ორი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება მეზობელი სახელმწიფოდან სურთ, საკონტროლო-გამშვები პუნქტით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ისარგებლებენ. ცვლილება მიღებულია საქართველოს და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების შეთანხმებით.

სომხეთის ვიცეპრემიერი: ტვირთის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელდება

ბოლო დრომდე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობდა . ეს ერთადერთი დარჩენილი დერეფანია ორი ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. „წითელი ხიდის“ ფუნქციონირების შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეა მიღებული.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაბლოკვის ვადა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა. მოქალაქეთა გადაადგილება საზღვარზე 14 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეწყდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.