უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები თვითიზოლაციას „შერატონსა “ და „ჰოლიდეი ინ“-ში გაივლიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს  მოქალაქეები თვითიზოლაციის ორკვირიან პერიოდს თბილისში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ და სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაივლიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის მმართველი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის დასახმარებლად არსებულ რთულ ვითარებაში, კომპანია სასტუმროში უფასოდ განათავსებს პირებს, რომლებიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან.

ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა დღეს კიდევ ერთმა კომპანიამ - „აჭარა ჯგუფმა“.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო. სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ“, - ნათქვამია კომპანია „აჭარა ჯგუფის“  განცხადებაში.
COVID-19 საქართველოში: ორი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში გერმანიიდან და საბერძნეთიდან უკვე დაბრუნდა 300 მოქალაქე. 26 მარტს კი ვენიდან სამშობლოში კიდევ  საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანენ,

სპეცრეისს ახორციელებს კომპანია Georgian airways. ამ რეისით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც 22 მარტის ბილეთები გაუუქმდათ.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის სპეციალურ შემოწმებას და კარანტინში განთავსდება.

შემდეგი რეისი 31 მარტს ამსტერდამიდან უნდა განხორციელდეს.

კორონავირუსის პანდემიისა და შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გამო საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ვეღარ მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა. მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს.

სომხეთში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა >>

დაინიშნა დამატებითი ჩარტერული რეისები, საიდანაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან დაკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 21 მარტს მთავრობამ ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში – კარანტინი.

26 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4346 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 247.