„ქუთაისში სასტუმროს მეპატრონეებმა უკრაინის მოქალაქე შეიფარეს“ – გულის ამაჩუყებელი ისტორია

26 მარტის მონაცემებით, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სოციალურ ქსელში ვრცელდება ისტორია, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ქუთაისში, სასტუმრო Hotel Europa Kutaisi-ის მეპატრონეებმა შეიფარეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც ფრენების გაუქმების შემდეგ საქართველოში ქუჩაში დარჩა – უფულოდ, მშიერი.

რას მოხმარდება საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მობილიზებული მილიონები?

„მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროები დაკეტილია, ერთი ნომერი დაუთმეს, დააპურეს და იქ დატოვეს. ქართველები მხოლოდ სიკეთის კეთებაში ვეჯიბრებით ერთმანეთს!“ – წერენ სოციალურ ქსელში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.