COVID-19 - ბოლო ცნობები

ქართული დიპმისიები ჩვენს თანამემამულეებს ევროპაში საცხოვრებლებით და საკვებით ეხმარებიან

საფრანგეთსა და ესპანეთში მოქმედი საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ითავეს იმ თანამემამულეების დახმარება, რომლებიც სამშობლოში დროულად ვერ დაბრუნდნენ
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის შეჩერების გამო საფრანგეთიდან და ესპანეთიდან სამშობლოში დროულად ვერ დაბრუნდნენ, ადგილობრივი საელჩოების დახმარებით დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების საგნებით უზრუნველყვეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის საზღვარზე მუშაობის საათებს ამცირებს >>

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში საცხოვრებლით უზრუნველყო ის მოქალაქეები, რომლებიც გაუქმებული რეისის გამო პარიზიდან ვერ დაბრუნდნენ.

ასევე, ბარსელონაში საელჩომ და გენერალურმა საკონსულომ უზრუნველყო საცხოვრებლით, პროდუქტებით და პირველადი საჭიროების საგნებით საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც ესპანეთიდან გამოფრენა ვერ მოასწრეს.

დიპლომატიური წარმომადგენლობა ასევე დაეხმარა ქართველ სტუდენტებს საქართველოს მიმართულებით მოსახერხებელი რეისის მოძებნაში.

საელჩო და საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებული. შეძლებისდაგვარად მათ ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ.

ნიდერლანდებში და გერმანიაში დარჩენილ ქართველებს საელჩოები საცხოვრებლით უზრუნველყოფენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების ყველა ხარჯს საელჩოები საკუთარ თავზე იღებენ. ამ დროისათვის დახმარება რამდენიმე ათეულ ადამიანს გაეწია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოები უცხოეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ატყობინებს მოქალაქეებს ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც მათი სამშობლოში დასაბრუნებლად კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები შესრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში თავსდება.

„სახლში გვინდა“ - ასობით რუსეთის მოქალაქე საქართველო-სომხეთის საზღვარზეა ჩარჩენილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება. საგარეო პოლიტიკური უწყების ეს განცხადება უკავშირდება ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალებას.

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

16 მარტიდან ასევე დროებით შეწყვეტილია მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს და რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ასევე არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.