საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია

26 მარტის მონაცემებით, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია. 

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.  

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.