რას მოხმარდება საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მობილიზებული მილიონები?

მიუხედავად იმისა, რომ ფონდი სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, აქ მოზიდულმა თანხამ უკვე 6,5 მლნ ლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლის ფონდი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მთავრობას და გამოყოფს თანხას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და სამედიცინო მიზნებისთვის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნეს-ომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. მიღებულია მრავალი ზომა, რაზეც სახელმწიფო ხაზინიდან არცთუ მცირე სახსრები იხარჯება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 75 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 10, კარანტინში იმყოფება 4055, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

„როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უფრო გამწვავდა, ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა და უბრალო მოქალაქემ მოგვმართა. ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, დაეხმარონ სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით – სამედიცინო სფეროში, სოციალური ჯგუფების მხარდაჭერაში და ა.შ. გადავწყვიტეთ, ეს კონტრიბუციები რომ არ გაიფანტოს და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ, თანხებს ერთად მოვუყაროთ თავი და შევქმნათ StopCov-ფონდი“, – აღნიშნა დაუშვილმა.

ამ დროისთვის ფონდში თავმოყრილია 6,5 მილიონი ლარი. თანხას რიცხავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ბიზნეს-კომპანიები. მნიშვნელოვან თანხებს ფონდში რიცხავენ ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. 

რას წერენ გაზეთები: გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი საქართველოში

„ფონდის მიზანია – მთელი ამ თანხის ერთად თავმოყრა, რათა მომავალში ის მიზანმიმართულად გადანაწილდეს. რაც შეეხება მიზანმიმართულობას, ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან ერთად და სადაც ამის აუცილებლობა იქნება, თანხაც იმ სფეროს მოხმარდება“, – განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა.

ჯერჯერობით სიაში პირველ ადგილზე არიან სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები და სამედიცინო სფერო. მაგრამ, დაუშვილის სიტყვებით, მთავრობა ჯერ თავად უმკლავდება ყველაფერს და ყველა სფეროში წარმოქმნილ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მაგრამ თუ სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი ფინანსური დახმარება, გამოყენებული იქნება ფონდის ფული.

ამასთან, დაუშვილის თქმით, ფულის გადანაწილების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება. ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ყოველი თეთრი დაიხარჯება კანონის შესაბამისად.