სომხეთის ვიცეპრემიერი: ტვირთის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელდება

სომხეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად გადაჭრის სირთულეებს, რომლებიც ტვირთის ტრანზიტისას იქმნება
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. სომხეთიდან სატვირთო ავტომობილები გააგრძელებენ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებზე მოძრაობას, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ვიცეპრემიერ ტიგრან ავინიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩაიკეტა საზღვრები, დაშვებულია მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა. ქვეყანაში შეზღუდულია უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შეშვება.

„სახლში გვინდა“ - ასობით რუსეთის მოქალაქე საქართველო-სომხეთის საზღვარზეა ჩარჩენილი

 „ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ქართველ და რუს კოლეგებთან სომხეთის სატვირთოების გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ამისათვის შესაბამის პირობებს ვიხილავთ“, - განაცხადა ვიცეპრემიერმა პარლამენტში მთავრობის საათზე.

ავინიანმა აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დიდთოვლობის გამო მანქანების საცობი წარმოიქმნა. ხოლო მარნეულის რაიონში კარანტინის გამოცხადების შემდეგ სატვირთოების მოძრაობა გართულდა.

რამდენიმე დღის წინ მხარეები შეთანხმდნენ სომხეთისკენ იმ 150 მოქალაქის გაშვებაზე, რომლებმაც სომხეთში დაბრუნება „ზემო ლარსთან“ წარმოქმნილი საცობის გამო ვერ მოასწრეს.

25 მარტს სომხეთის ოცდაათამდე მოქალაქე, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ერთი მიკროავტობუსითა და ოთხი მანქანით პოლიციის თანხლებით სამშობლოში გაემგზავრა.