თბილისი, 25 მარტი - Sputnik. 300-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩარჩა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის ტერიტორიაზე, წერს გაზეთი „რეზონანსი“.
„არავითარი პანიკა არ არის!“ – ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია – ვიდეო >>
რუსეთის მოქალაქეები სომხეთში საკუთარი ავტომობილებით ჩავიდნენ და უკან ვეღარ ბრუნდებიან, ვინაიდან ერთადერთი გზა სახლისაკენ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს საზღვრები ჩაკეტა და თავის ტერიტორიაზე მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს ატარებს.
სომხეთის მხარე რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლის უფლებას აძლევს, მაგრამ ქართველი მესაზღვრეები მათ საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.
სომხეთში რუსი დიპლომატებისთვის ცნობილია პრობლემის შესახებ და დაჟინებით ურჩევენ რუსეთის მოქალაქეებს საავიაციო ტრანსპორტით სარგებლობას.
„საელჩო კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება უნდათ: საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული აშკარა სირთულეების გათვალისწინებით, მათ შეუძლიათ საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობა“, - ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
ეს ვარიანტი ბევრისთვის არ არის მისაღები, რადგან მათ მოუწევთ მანქანების დატოვება სადგომებზე გაურკვეველი დროით, ამასთან, ბილეთებიც საკუთარი ფულით უნდა შეიძინონ, ამის საშუალება კი ბევრს არ გააჩნია.
რუსეთის მოქალაქეები აპირებენ ერევანში საქართველოს საელჩოსთან შეკრებას და კონსულთან შეხვედრის მოთხოვნას.
„თანახმა ვართ, დავლუქოთ ავტომობილები, გადავიხადოთ დეზინფექციის, თანმხლები პოლიციის სატრანსპორტო ხარჯი. გვინდა, საქართველომ გაგვიხსნას დერეფანი რუსეთის მოქალაქეებს, რათა ჩვენ შევძლოთ სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვართან პალიანმა.
სომხეთში რუსეთის საელჩომ ოთხშაბათს გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება, რომლის თანახმადაც, სამშობლოში დაბრუნების მსურველმა ყველა მოქალაქემ თავისი მონაცემები უნდა მიაწოდოს საელჩოს და საკონსულოს ხუთშაბათს, ორ საათამდე. ხოლო იმათ, ვინც ამას არ გააკეთებს, თავად მოუწევს სახლში დაბრუნებაზე ზრუნვა.