ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტების თანამშრომლებს პირბადეები დაურიგა

საქართველოში დამზადებული ნიღბები არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე ზომის სასურსათო მაღაზიებშიც დარიგდება
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. სავაჭრო სფეროს თანამშრომლებს საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები დაურიგეს - აქციაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიიღო.

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ტესტები კორონავირუსზე უკვე საქართველოშია

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის გამო სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა, ქვეყანაში სპეციალიზებულ წარმოებას ათი კომპანია შეუდგა. ნიღბები მზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომლებიც წინასწარ არის შეთანხმებული დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ლაბორატორიებთან.

„ქართული წარმოების სამედიცინო ნიღბების გადანაწილება დაიწყო პრიორიტეტების მიხედვით იქ, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე. ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული პირები, საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან დაკავშირებული, პოლიციელები და სხვა კატეგორიები, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობას. დღეს ჩვენ დავიწყეთ ნიღბების დარიგება კომერციულ სექტორში“, - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოში დამზადებული ნიღბები მცირე და საშუალო მაღაზიების ასოციაციის ხელშეწყობით დარიგდება არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე ზომის სასურსათო მაღაზიებშიც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75–მდე გაიზარდა >>

„ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 მცირე სასურსათო მაღაზიას. ამ სექტორში მუშაობს ორი ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და, რასაკვირველია, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამედიცინო ნიღბების დამზადება თავდაპირველად დაიწყო კომპანია „აჭარა ტექსტილმა“ ფოთში. კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოსახლეობისთვის 500 ათას ნიღაბს უანგაროდ გადასცემდა.

სულ წარმოების პროცესს ათი კომპანია შეუერთდა.