თბილისი, 25 მარტი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ორი შემთხვევა თურქეთს უკავშირდება, ერთი პაციენტი ზუგდიდის კლინიკაში იმოფება, მეორე - ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, იუწყება პირველი არხი.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
როგორც ოდიშარია ამბობს, მამაკაცი ზედმიწევნით იცავდა თვითიზოლაციის წესს.
ექიმების ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
რაც შეეხება ახლახან გამოვლენილ მეორე შემთხვევას, ის ბათუმში დაფიქსირდა. დღეს ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ანალიზიდან სამის პასუხი უარყოფითია, ერთის კი დადებითი აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კლინიკაში 24 მარტს მოთავსდა. ის საავადმყოფოში სარფის საბაჟოდან თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ გადაიყვანეს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში ექვსი პირია მოთავსებული.
ბათუმში კორონავირუსი სულ რვა პირს დაუდგინდა. მათგან ორი ავსტრიის მოქალაქეა, რომლებმაც საქართველო სპეცრეისით უკვე დატოვეს.
ბათუმის საკარანტინო ზონაში რჩება 1300-ზე მეტი მოქალაქე.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.