ვითარება საკარანტინო ზონაში: თავდაცვის ძალები კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე პატრულირება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონად გამოცხადებულ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს.

უწყების ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით ხუთივე გამშვებ პუნქტზე დამონტაჟდა ღამის ძლიერი განათების სისტემა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები. 

კამპანიის „დარჩი სახლში" ფარგლებში მარნეულის მოსახლეობას დახმარება გადაეცა

„მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთი ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წითელ ზონაში მხოლოდ სატვირთოებს უშვებენ, რომელთაც ტერიტორიაზე შესვლის წინ დეზინფექცია უტარდებათ. კარანტინის სამი დღის განმავლობაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 23 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები პოლიციასთან ერთად პროფილაქტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობენ.

კარანტინის ზონაში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ მოხალისეები. მარნეულის მერიამ წითელ ჯვართან ერთად პროგრამის „დარჩი სახლში“ ფარგლებში მოხალისეთა ჯგუფები მოამზადა, რომლებიც მონაწილეობენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების დარიგებაში. 

კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც იქნება

კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება.

ყველა ინსტრუქცია და რეკომენდაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვები მომზადდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომლებიც ვრცელდება როგორც ადგილობრივი მასმედიით, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. მუნიციპალიტეტების სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება საინფორმაციო მასალები – აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილი ფლაერები და ბუკლეტები.

გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge  აზერბაიჯანულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია, უახლოეს დღეებში ამოქმედდება ვებ-გვერდის სომხური ვერსიაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნილი ინფორმაცია გადაიცემა. 

არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულიდან ჩამოყვანილი ახალშობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.