სუბარი: ნინოწმინდასა და ახალქალაქში კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება

კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.  

ვითარება საკარანტინო ზონაში: თავდაცვის ძალები კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

„თუ არ გამოვლინდა საგანგაშო ვითარება, ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, – განაცხადა სუბარმა.

სუბარის განმარტებით, ამ დროისათვის მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 4 ადამიანი – 62 წლის ქალბატონის ოჯახის წევრები. ამ დროისთვის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შემოწმებული 20 ათასი ადამიანიდან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება. ყველა ინსტრუქცია და რეკომენდაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი. მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვები მომზადდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომლებიც ვრცელდება როგორც ადგილობრივი მასმედიით, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით.  

კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც იქნება

გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge აზერბაიჯანულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია, უახლოეს დღეებში ამოქმედდება ვებ-გვერდის სომხური ვერსიაც.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება შიდა გზებიც. 

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.