კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც იქნება

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ეთნიკური უმცირესობებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ხელმისაწვდომი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულ ასაკოვან ქალს პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა

აზერბაიჯანული ვერსია უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც.

საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხელისუფლება კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან აქტიურად ახორციელებს.

ჩიქოვანის განცხადებით, ვებ-გვერდზე აღნიშნულ ენებზე ინფორმაციის განთავსება საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსაუბრე საქართველოს მოქალაქეებმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

„საიტი stopcov.ge საუკეთესო საშუალებაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე გავცეთ პასუხი ყველა იმ შესაძლო კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 

ხუნდაძე: თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, მასობრივ კარანტინს გამოვიყენებთ

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. მარნეულსა და ბოლნისში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, კონტროლდება შიდა გზებიც.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

მარნეულის რაიონი ქვემო ქართლის რეგიონში შედის. 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 130,6 ათასს ადამიანს შეადგენს, აქედან 83,77%-ს აზერბაიჯანელები შეადგენენ.

ბოლნისის რაიონიც ქვემო ქართლის რეგიონს ეკუთვნის. 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 78,9 ათასს ადამიანს შეადგენს, აქედან 63,38%-ს აზერბაიჯანელები შეადგენენ.