ახალი ქართული კინო: საქართველოში უფასო ონლაინ-სეანსები დაიწყო

ინიციატივას უკვე შეუერთდნენ რეჟისორები ლევან კოღუაშვილი, ნანა ჯანელიძე, ლევან თუთბერიძე, ნუცა ალექსი–მესხიშვილი და სხვ.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ახალი ქართული ფილმების ონლაინ-კინოჩვენებები დაიწყო. ეს სრულიად უფასოა, საკმარისია მხოლოდ ინტერნეტის არსებობა და ქართული კინემატოგრაფიის სიახლეების გაცნობის სურვილი.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 მარტისთვის>>

კინოცენტრი ამით უერთდება სოციალურ აქციას „დარჩი სახლში“, რომელიც მოწოდებულია მოსახლეობას შეახსენოს, რომ სახლში დარჩენა იზოლაციაში მაშინ, როდესაც კორონავირუსი ასეთი სწრაფი ტემპით ვრცელდება, ძალზე მნიშვნელოვანია.

ონლაინ–სეანსები მიმდინარეობს ოფიციალურ Facebook–გვერდზე. აქ ქართველი რეჟისორები თვითონ გამოაქვეყნებენ საკუთარი ფილმების ბმულებს.

კორონავირუსის გამო საქართველოში ელექტრონული ბიბლიოთეკებით სარგებლობა უფასო გახდა

ინიციატივას უკვე შეუერთდნენ რეჟისორები ლევან კოღუაშვილი, ნანა ჯანელიძე, ლევან თუთბერიძე, ნუცა ალექსი–მესხიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი, ვახო ვარაზი, ლაშა ოთხმეზური. ახალგაზრდა რეჟისორებმა გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ თავიანთი ფილმები „ცუდი ხალხი“ და „ღორი“ უკვე გახადეს ხელმისაწვდომი ინტერნეტ-სივრცეში.

პირველი ონლაინ-პრემიერა, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა ამგვარ ფორმატში დაგეგმა, 25 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება. ნაჩვენები იქნება გიგი ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებული ნამუშევარი „გაბანა“.

„ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და სულ ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფა“, – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. მკაცრი კარანტინი გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 67 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.