მარნეულელი ქალის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა – პაატა იმნაძე

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი 15-სულიან ოჯახში ცხოვრობს. ქალი მარნეულიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გააკეთა.

უკვე 67: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არც ერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის ოთხი ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მარნეულელი პაციენტი თავდაპირველად ადგილობრივ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში იყო მოთავსებული. ამიტომ კორონავირუსზე შემოწმება „ჯეო ჰოსპიტალსის“ 20-მა ექიმმა და პაციენტმა გაიარა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თავად ეს ქალი 15-სულიან ოჯახში ცხოვრობს.

კორონავირუსით ინფიცირებული ავსტრიელი პილოტი სამშობლოში სპეცრეისით გაფრინდა

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.