კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში საქართველოში დანაშაული შემცირდა

შს მინისტრის განცხადებით, ქართული პოლიცია უკვე სამი კვირაა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და სახელმწიფოს პანდემიის გადალახვაში აქტიურად ეხმარება
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. შსს-ს გადასვლამ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და აქტიურმა ბრძოლამ კორონავირუსის გავრცელებასთან ქვეყანაში დანაშაულის დონე შეამცირა. ამ დასკვნამდე მივიდა უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზი პოლიციის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდაა.

მარნეულში კარანტინის ზონაში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“, - განაცხადა გომელაურმა.

ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვახტანგ გომელაური ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.

გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ თვითიზოლაციის წესების დარღვევის მონიტორინგს და დამრღვევები იძულებით კარანტინში გადაჰყავთ.

შსს-ს ბოლო პერიოდის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ დანაშაული მართლაც მცირდება. როგორც ჩანს, კორონავირუსით ინფიცირების შიშმა კრიმინალური სამყაროც მოიცვა.

24 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა. ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი მათგანი უცხოელია, რომელთაც უკვე დატოვეს ქვეყანა, 4 055 ადამიანი კარანტინშია, 252 - სტაციონარში.