COVID-19 - ბოლო ცნობები

„ვიქნებით უმოწყალონი და ულმობელნი“: ქვეყანა მოხუცებულთა თავშესაფრებს ამოწმებს

ქვეყნის მოხუცებულთა სახლებში მდგომარეობა კრიტიკულია, რამდენიმე დღის განმავლობაში იქ დაახლოებით ასამდე მოხუცი დაიღუპა, პროკურატურამ შემოწმება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ესპანელი სამხედროები, რომლებიც მოხუცებულთა სახლების დეზინფიცირებაში მონაწილეობენ, საკუთარ საწოლებში კორონავირუსით გარდაცვლილ ხანდაზმულებს პოულობენ, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.

„სამხედროებმა ზოგ თავშესაფარში ნახეს მოხუცები, ხანდაზმულები, სრულიად მიტოვებულები და საკუთარ საწოლებში გარდაცვლილებიც კი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიქნებით უმოწყალონი და ულმობელნი. ისინი, ვინც არ ასრულებენ მოვალეობას, პასუხს აგებენ კანონის წინაშე“, — განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეარხ Telecinco-სთან ინტერვიუს დროს.

ამავე დროს მან განმარტა, რომ მოხუცებულთა სახლების უმეტესობაში მდგომარეობა ნორმალურია. 

შუაღამიდან დილამდე: თავშესაფრებში გარდაცვლილი მოხუცები და ჯანმოს ახალი რეკომენდაცია

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის მოხუცებულთა სახლებში მდგომარეობა კრიტიკულია. რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით ასამდე მოხუცი დაიღუპა. პროკურატურამ შემოწმება დაიწყო, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების სამხედროები შენობების დაუყოვნებლივ დეზინფიცირებას შეუდგნენ. როგორც გენერალური შტაბის უფროსმა მიგელ ვილაროიამ განაცხადა, ესპანეთში მოხუცებულთა 73 სახლს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია, აქედან 14-ს მადრიდში.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანდაზმულთა საცხოვრებლების, პორტების, აეროპორტების, სახელმწიფო დაწესებულებების, ზოგი ქუჩისა და მოედნის დეზინფიცირებაში საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფის 2,8 ათასი სამხედრო მონაწილეობს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით, კორონავირუსით დაავადების 35 136 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 2 311 გარდაიცვალა, ხოლო 3 355 განიკურნა.