COVID-19 - ბოლო ცნობები

„COVID 19-ის გავრცელება ბიოლოგიური ომის რეპეტიციაა“ – ცნობილი ექიმის მოსაზრება

როშალმა მოუწოდა საზოგადოებას, არ შეეშინდეთ ახალი კორონავირუსისა და არ დაძაბონ ისედაც ნერვოზული ატმოსფერო, ვინაიდან COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს სხვა ინფექციების შემთხვევაში ხდება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ვითარება COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შეიძლება განვიხილოთ როგორც ბიოლოგიური ომის რეპეტიცია, აცხადებს რუსეთის ეროვნული სამედიცინო პალატის პრეზიდენტი, პედიატრი და ქირურგი ლეონიდ როშალი.

„დღეს ფაქტობრივად ვხედავთ ბიოლოგიური ომის რეპეტიციას... ეს ვითარება გვაჩვენებს, რამდენად მზად არიან ჯანდაცვის მსოფლიო სისტემები, რამდენად ვართ მზად ჩვენ მსგავსი გამოწვევებისთვის“, — განაცხადა როშალმა.

მისი თქმით, ახლა მთელი მსოფლიო მხოლოდ COVID-19-ზე ლაპარაკობს და ტერორიზმისა თუ ბირთვული ომის საფრთხე ყურადღების მიღმა დარჩა. 

COVID-19 მსოფლიოში: დიდი რაოდენობით პროდუქტის გაცემისთვის სერიოზული ჯარიმა წესდება

ამასთან, ლეონიდ როშალმა მოუწოდა საზოგადოებას, არ შეეშინდეთ ახალი კორონავირუსისა და არ დაძაბონ ისედაც ნერვოზული ატმოსფერო, ვინაიდან COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს სხვა ინფექციების შემთხვევაში ხდება.

„აქამდე კაცობრიობამ თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთი ეპიდემია და პანდემია გადაიტანა“, — განაცხადა მან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 382 644 ადამიანს შეადგენს.

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 16 587 და განკურნებულია 101 898 კაცი.

იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ მომენტისთვის 26-ია.