თბილისი, 24 მარტი – Sputnik. შვიდივე ქართველი სპორტსმენი, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად მოიპოვეს, საქართველოში თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ცნობით, 24 მარტის მონაცემებით, COVID-19 მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, ინფიცირებულია 383,9 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 14 765, ხოლო გამოჯანმრთელდა 101,9 ათასი ადამიანი.
„ამჟამად ყველა ქართველი სპორტსმენი, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ყველა მათგანი ინარჩუნებს ფიზიკურ ფორმას, სახლის პირობებში ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ ვარჯიშს და მწვრთნელების მითითებებს ასრულებენ“, – განაცხადა ზენაიშვილმა.
მისი აზრით, ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები გადაიდება. იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება.
„ვფიქრობ, რომ ოლიმპიური თამაშები გადაიდება. თუმცა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ყველა ველოდებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ზენაიშვილმა.
ამ მომენტისთვის საქართველოს ოფიციალურად შვიდი ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული: ნინო სალუქვაძე (პისტოლეტიდან სროლა), გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), სალიხ ალახვერდიევი (კრივი).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში 27-ე ადგილი) ასევე გაემგზავრება ტოკიოში, თუმცა, ლიცენზიის მოპოვების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 ივლისზე ადრე არ გამოცხადდება.
„ჩვენ ბასილაშვილს ოლიმპიური გუნდის წევრად ვთვლით. АТР-ს რეიტინგით იგი ოლიმპიურ თამაშებზეც მოხვდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგი 7 ივნისამდე გაყინულია, მასში ცვლილებები ვერ შევა. მთლიანობაში საქართველოს 35–40 ლიცენზიაზეა აქვს გათვლა“, – განაცხადა ზენაიშვილმა.
XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარდეს. თუმცა, კორონავირუსის გამო მასში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.