დღეს ჩინეთიდან სპეცრეისს ელოდებიან: საქართველო ორი ტიპის სწრაფ ტესტებს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სწრაფი ტესტებით იმ მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყება, სადაც ეპიდაფეთქების რისკი არსებობს.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დღეს ჩინეთიდან სპეციალური რეისით საქართველოში ორი ტიპის სწრაფი ტესტები ჩამოვა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის გამო ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ.

საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტს საკარანტინო ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

„ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე გვაქვს და შევავსებთ მარაგებს, ხოლო მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კერძო კლინიკებს და მათი ლაბორატორიების მიერ სწრაფი ტესტების ჩატარების უფლების მიღებას, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ძალიან დიდი რაოდენობით ტესტებს ყიდულობს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მათ გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის. 

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის გამო ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა

„რა თქმა უნდა, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, კვლევებში ჩართულია სხვადასხვა ლაბორატორია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავშალეთ გეოგრაფიულად ეს ყველაფერი, სხვა ლაბორატორიები გამოყენებული იქნება, თუმცა კომერციალიზაცია მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მარნეულსა და ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის შესაბამისად, შეზღუდვებია დაწესებული. დაიხურა ყველა ობიექტი, იკრძალება მოქალაქეების მიერ რაიონების დატოვება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. შეზღუდვები არ მოქმედებს სატვირთო ავტომობილებზე. მათ დეზინფექციას უტარებენ და ისინი პოლიციის თანხლებით ტოვებენ ტერიტორიას. მარნეულში საველე ჰოსპიტალი შეიქმნა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.